პასუხები აქტუალურ თემებზე
ელექტრონული სერვისები
კითხვა: რა სახის სანოტარო მოქმედების შესრულება შეიძლება ინტერნეტის მეშვეობით?
პასუხი:
ინტერნეტის მეშვეობით, ონლაინ რეჟიმში, ხორციელდება შემდეგი სანოტარო
მოქმედებები: ნებისმიერი სახის თანხმობა, განცხადება,
მინდობილობა/რწმუნებულება. აღნიშნული სანოტარო მოქმედებების შესრულება
შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან.
ასევე, ინტერნეტის მეშვეობით სრულდება გარიგება, ორი ან მეტი ნოტარიუსის მონაწილეობით, მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.
კითხვა: როგორ დავამოწმო ონლაინ რეჟიმში მინდობილობა?
პასუხი: ონლაინ
რეჟიმში მინდობილობის დამოწმება შესაძლებელია ნებისმიერ ნოტარიუსთან.
მინდობილობის გამცემი პირის ნაცვლად, მისი თხოვნით, მინდობილობას ხელს
აწერს მისი ნდობით აღჭურვილი პირი. ასევე, აღნიშნულ მოქმედებას უნდა
დაესწროს, დამატებით, ერთი მოწმეც, რომელიც ხელს მოაწერს სანოტარო აქტს.
აღსანიშნავია, რომ მინდობილობის გამცემი პირი უნდა იყოს საქართველოს
მოქალაქე, ან ნოტარიუსისთვის ცნობილი პირი.
კითხვა: ვიმყოფები ბათუმში, ვერ ვახერხებ თბილისში ჩასვლას, როგორ დავამოწმო ხელშეკრულება სანოტარო წესით ინტერნეტის მეშვეობით?
პასუხი:
შეგიძლიათ, მიბრძანდეთ ბათუმში ნებისმიერ ნოტარიუსთან, ხოლო მეორე მხარე
უნდა მივიდეს თბილისში მოქმედ ნოტარიუსთან. ნოტარიუსები ონლაინ
რეჟიმში დაუკავშირდებიან ერთმანეთს გარიგების მონაწილე მხარეთა
თანდასწრებით და დაამოწმებენ სანოტარო აქტებს.
კითხვა: როგორ გადავამოწმო, რეგისტრირებულია თუ არა ჩემი სანოტარო აქტი?
პასუხი: ინფორმაცია
შესრულებული სანოტარო მოქმედებების შესახებ შეგიძლიათ, მოიძიოთ და
გადაამოწმოთ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ოფიციალურ ვებგვერდზე
www.notary.ge, ბანერზე - "სანოტარო მოქმედებათა ელექტრონული რეესტრი".
ანდერძი
კითხვა: სად უნდა გადავამოწმო, არის თუ არა ანდერძი გაუქმებული ან შეცვლილი?
პასუხი: სანოტარო
წესით დამოწმებული ანდერძის შეცვლის ან გაუქმების თაობაზე ინფორმაციის
მოძიება შესაძლებელია იმ ნოტარიუსთან, რომელთანაც დამოწმებულია კონკრეტული ანდერძი. თუ ანდერძის დამმოწმებელი ნოტარიუსი აღარ ასრულებს
მოვალეობას, უნდა მიმართოთ იუსტიციის
სახლებს.
კითხვა: მსურს გავაუქმო ჩემი ანდერძი, როგორ უნდა მოვიქცე?
პასუხი: მიმართეთ იმ
ნოტარიუსს, რომელთანაც დაამოწმეთ ანდერძი ან სხვა ნებისმიერ მოქმედ
ნოტარიუსს. ასევე, შეგიძლიათ, შეადგინოთ ახალი ანდერძი,
რომელიც პირდაპირ აუქმებს წინა ანდერძს ან მის იმ ნაწილს, რომელიც ახალ
ანდერძს ეწინააღმდეგება.
კითხვა: ნოტარიუსის არქივიდან მინდა, მივიღო ანდერძი, რომელიც არის ჩემს სახელზე შედგენილი. მაქვს ამის უფლება?
პასუხი: თქვენს
სახელზე შედგენილი ანდერძის თაობაზე ინფორმაციის მიღების უფლება გაქვთ
მხოლოდ მოანდერძის გარდაცვალების მოწმობის წარდგენის შემდეგ.
კითხვა:
მამაჩემმა, რომელიც გარდაიცვალა, დატოვა ორი ანდერძი. აქედან, ერთი
შედგენილია სანოტარო ფორმით, მეორე კი არა. რომელი უნდა წარვადგინო
ნოტარიუსთან?
პასუხი: ასეთ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სანოტარო ფორმით შედგენილ ანდერძს.
კითხვა: ჩემს
სახელზე შედგენილია ანდერძი, რომლითაც საცხოვრებელი სახლი მიანდერძეს.
ნოტარიუსი უარს მეუბნება სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე იმ მოტივით, რომ ეს
სახლი არ ეკუთვნის გარდაცვლილს...
პასუხი: ანდერძში
მითითებული ქონების მიღების ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს ის, რომ
ნაანდერძევი ქონება აუცილებლად უნდა იყოს რეგისტრირებული მოანდერძის
სახელზე. თუ აღმოჩნდება, რომ ის ქონება, რომელიც მითითებულია ანდერძში,
საჯარო რეესტრის ან ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული მონაცემებით არ
არის მოანდერძის სახელზე, ამ შემთხვევაში, ანდერძისმიერი მემკვიდრე ვერ
მიიღებს სამკვიდრო მოწმობას ანდერძში მითითებულ ქონებაზე.
კითხვა: მე და ჩემს მეუღლეს გვსურს ერთად შევადგინოთ ანდერძი. როგორ უნდა მოვიქცეთ?
პასუხი: მეუღლეებს ერთობლივად შეუძლიათ, შეადგინონ ანდერძი, მაგრამ ურთიერთმემკვიდრეობის
შესახებ. ანუ გარდა მეუღლეებისა, ერთობლივი ანდერძი არ შეიძლება, ეხებოდეს
სხვა პირს.
კითხვა: ვარ იმ
პირის მემკვიდრე, რომელსაც ქონება ჰქონდა საქართველოში, მაგრამ
გარდაცვალების მომენტისათვის იგი იყო სხვა სახელმწიფოს მოქალაქე?
პასუხი: იმ
ქვეყნის ნოტარიუსის მიერ, რომლის მოქალაქესაც გარდაცვალების მომენტისათვის
წარმოადგენდა გარდაცვლილი (მამკვიდრებელი), უნდა გაიცეს სამკვიდრო მოწმობა.
აღნიშნული დოკუმენტი მემკვიდრის მიერ წარდგენილ უნდა იქნეს საქართველოს
ნოტარიუსთან, რის შემდეგაც გაიცემა სამკვიდრო მოწმობა საქართველოში
არსებულ, მამკვიდრებლის კუთვნილ კონკრეტულ ქონებაზე.
კითხვა: ნოტარიუსთან წარვადგინე ქსეროქსით გადაღებული დოკუმენტი, რომელიც არ დამიმოწმა ნოტარიუსმა. როგორ მოვიქცე?
პასუხი:
დოკუმენტის ასლის დამოწმება გულისხმობს აღნიშნული ასლის დედანთან
შესაბამისობის დადასტურებას. შესაბამისად, ნოტარიუსთან ასლის დამოწმების
დროს თან უნდა იქონიოთ დოკუმენტის დედანი.
კითხვა: რა შემთხვევაში გაიცემა ნოტარიუსისგან სააღსრულებო ფურცელი?
პასუხი:
ნოტარიუსისგან სააღსრულებო ფურცლის მისაღებად ნოტარიუსთან იპოთეკის, გირავნობის, სესხის და ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებული ნებისმიერი ხელშეკრულების გაფორმებისას უნდა მოითხოვოთ ხელშეკრულებაში
სააღსრულებო ფურცლის გაცემის პირობის გათვალისწინება. ვალდებულების
შეუსრულებლობის შემთხვევაში დაზარალებული მხარე პირდაპირ ნოტარიუსისგან
იღებს სააღსრულებო ფურცელს, რაც უზრუნველყოფს თანხის დაბრუნებას
სასამართლოსადმი მიმართვის გარეშე.
სამკვიდრო მოწმობა
კითხვა: როგორ უნდა გავხდე მემკვიდრეობით მიღებული ქონების მესაკუთრე?
პასუხი: მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, თქვენთვის დატოვებული ქონების მესაკუთრე რომ გახდეთ, უპირველესად, უნდა მიიღოთ სამკვიდრო მოწმობა, ანუ მემკვიდრეობით მიღებულ ქონებაზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. სამკვიდრო მოწმობას გასცემს მხოლოდ ნოტარიუსი.
კითხვა:
ნებისმიერ ნოტარიუსს უნდა მივმართო?
პასუხი: თავდაპირველად მემკვიდრეს უფლება აქვს, განცხადება წარადგინოს ნებისმიერ ნოტარიუსთან. თუ თქვენ არ ხართ ერთადერთი მემკვიდრე და აღმოჩნდა, რომ თქვენამდე ნოტარიუსს განცხადებით მიმართა სხვა მემკვიდრემ, სამემკვიდრეო საქმეს დაასრულებს ის ნოტარიუსი, ვისაც თავდაპირველი განცხადება წარედგინა. სხვა ნოტარიუსთან საქმის წარმოების გაგრძელება ხდება მხოლოდ ნოტარიუსის უფლებამოსილების შეწყვეტის/შეჩერების შემთხვევაში.
კითხვა: რა ვადაში უნდა წარვადგინოთ განცხადება ნოტარიუსთან?
პასუხი: სამკვიდრო მოწმობის მიღების მოთხოვნით ნოტარიუსთან განცხადა უნდა წარადგინოთ მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში. განცხადების წარდგენა შესაძლებელია გარდაცვალების მოწმობის საფუძველზე. განცხადების ტექსტის შედგენას, თქვენი უფლება-მოვალეობების განმარტებასა და ყველა სხვა დანარჩენ საკითხებში თქვენს სამართლებრივ გაცნობიერებას უზრუნველყოფს თქვენი ნოტარიუსი.
კითხვა: როდის მივიღებ სამკვიდრო მოწმობას?
პასუხი: სამკვიდრო მოწმობა გაიცემა მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ, ნებისმიერ დროს.
კითხვა:
რა
დოკუმენტაცია უნდა წარვადგინო ნოტარიუსთან?
პასუხი: სამკვიდრო მოწმობის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაციის ერთიანი ნუსხა არ არსებობს. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა დამატებით დოკუმენტების წარდგენა გახდეს საჭირო, მაგრამ რაც აუცილებლად დაგჭირდებათ, ეს არის:
1 ) გარდაცვალების მოწმობა;
2) თქვენს, მემკვიდრესა და მამკვიდრებელს შორის არსებული ნათესაური კავშირის დამდგენი დოკუმენტი:
ა)თუ მეუღლე ხართ, ამას ადასტურებს ქორწინების მოწმობა,
ბ)თუ შვილი ხართ - დაბადების მოწმობა,
გ) თუ ნაშვილები ხართ - შვილად აყვანის მოწმობა და ა.შ.
გახსოვდეთ: რაც უფრო მომდევნოა თქვენი მემკვიდრეობის რიგითობა, ამ დოკუმენტების ჩამონათვალი გაიზრდება.
3) განცხადება;
4) თუ განცხადების შეტანა არ მოხდა გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში, ნოტარიუსს წარუდგენთ იმ დოკუმენტებს, რაც დაადასტურებს, რომ თქვენ დაეუფლეთ სამკვიდროს დამტოვებლის ქონებას. ამ დოკუმენტების დასახელება მიანდეთ ნოტარიუსს;
5) მემკვიდრეობით მისაღები ქონების გარდაცვლილისადმი კუთვნილების დამდგენი დოკუმენტი;
6) ანდერძი - თუ ხართ ანდერძისმიერი მემკვიდრე;
ეს ჩამონათვალი სრული და ამომწურავი არ არის. ყოველი სამკვიდრო საქმე განსხვავებულია. მითითებულთაგან შესაძლოა, ორი დოკუმენტის წარდგენაც კი აღმოჩნდეს საკმარისი, მაგრამ შესაძლოა, პირიქით, ჩამონათვალს სხვა დოკუმენტებიც დაემატოს.
კონკრეტულ საკითხებში გაგარკვევთ და დაგეხმარებათ თქვენი ნოტარიუსი, უკიდურეს ვითარებაში კი - სასამართლო.
კითხვა: ვინ მიიჩნევა მემკვიდრეებად?
პასუხი: კანონმდებლობით დადგენილია მემკვიდრეთა წრე და რიგითობა შემდეგი წესით:
პირველ რიგში
გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები);
ნაშვილები და მისი შთამომავლები, როგორც მშვილებლის ან მისი ნათესავების მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან მშვილებლის შვილებთან და მათ შთამომავლებთან. ნაშვილები აღარ მიიჩნევა კანონით მემკვიდრედ მისი მშობლებისა და აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიური ნათესავების, აგრეთვე დებისა და ძმების გარდაცვალების შემდეგ;
შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა;
შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები ვერ გახდებიან მემკვიდრეები, თუ მათ მამშობლებმა უარი თქვეს სამკვიდროს მიღებაზე. მშვილებელი და მისი ნათესავები, როგორც ნაშვილებისა და მისი შთამომავლობის მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან ნაშვილების მშობლებსა და სხვა ბიოლოგიურ ნათესავებთან. ნაშვილების მშობლებს, აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიურ ნათესავებსა და და-ძმებს აღარ ეკუთვნით კანონით მემკვიდრეობა ნაშვილების ან მისი შთამომავლების გარდაცვალების შემდეგ.
მეორე რიგში
გარდაცვლილის დები და ძმები;
მამკვიდრებლის დისწულები და ძმის წულები და მათი შვილები კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ იყო მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე იქნებოდა. ისინი თანასწორად იღებენ სამკვიდროს იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობლებს ერგებოდა.
კითხვა: თუკი არ მინდა მემკვიდრეობით მიღებული ქონების მიღება, როგორ უნდა მოვიქცე?
პასუხი: მემკვიდრეს, რომელსაც არ სურს გახდეს გარდაცვლილის ქონების მესაკუთრე, უფლება აქვს, სხვა მემკვიდრის სასარგებლოდ განაცხადოს უარი თავის წილ სამკვიდროზე.
უარი უნდა გაცხადდეს წერილობით, ნოტარიუსთან სამი თვის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მემკვიდრისათვის გახდა ცნობილი სამკვიდროს გახსნის თაობაზე ან სამკვიდროს მისაღებად დადგენილ ვადაში, თუ იგი სამკვიდროს დაეუფლა. უნდა გახსოვდეთ, რომ ასეთი უარი შეუქცევადია.
კითხვა: შეიძლება, რომ მემკვიდრემ ვერ მიიღოს მემკვიდრეობა?
პასუხი: შეიძლება, თუკი მემკვიდრე :
ა) სასამართლომ ცნო უღირსად;
ბ) მამკვიდრებელმა სიცოცხლეშივე ანდერძით ჩამოართვა მას მემკვიდრეობის უფლება.
კითხვა: როგორ დავირეგისტრიროთ სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე უძრავი ქონება?
პასუხი:
სამკვიდრო მოწმობა რეგისტრაციისათვის წარედგინება
საჯარო რეესტრს. თუ მამკვიდრებლის ქონება უკვე იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, ნოტარიუსი
რეგისტრაციისათვის განაცხადის წარდგენას თავად უზრუნველყოფს და თქვენ რეესტრში
მისვლა აღარ მოგიწევთ.
იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულება
კითხვა: რა უპირატესობა აქვს სესხით უზრუნველყოფილი იპოთეკის ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებას?
პასუხი: 2014 წლის 28 იანვრიდან ამოქმედებული საკანონდებლო ცვლილებების
საფუძველზე, ფიზიკურ პირებს შორის იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულება მხოლოდ
სანოტარო წესით ფორმდება. ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმება
მოსალოდნელი რისკებისგან გიცავთ და თან არ არის დაკავშირებული დიდ ხარჯებთან.
ნოტარიუსი თანაბრად იცავს ხელშეკრულების ნებისმიერი მხარის (როგორც კრედიტორის, ისე მოვალის) ინტერესს;
განგიმარტავთ თქვენს უფლებებს, მოვალეობებს, ხელშეკრულების შინაარსს;
გაფრთხილებთ, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობას;
ამასთან, ნოტარიუსი ვალდებულია, შეამოწმოს, სესხის პროცენტი ხომ არ აღემატება კანონით დასაშვებ ზღვარს. სესხის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა კანონმდებლობით დადგენილი ნორმით განისაზღვრა და კრედიტორს აღარ შეუძლია, საკუთარი სურვილით დაადგინოს საპროცენტრო განაკვეთი.
ამასთან, კანონით განსაზღვრულია იპოთეკის
ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების საზღაურის ზედა ზღვარი. ფიზიკური პირებისთვის
სანოტარო მომსახურების საზღაური არ უნდა აღემატებოდეს 500 ლარს, ხოლო სამეწარმეო იურიდიული
პირებისთვის - 10 000 ლარს.
კითხვა: რა განსხვავებაა სესხისა და იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებებს შორის?
პასუხი: სესხის ხელშეკრულებით, გამსესხებელი მსესხებელს საკუთრებაში გადასცემს ფულს (ან სხვა ნივთს), ხოლო მსესხებელი ვალდებულია, დააბრუნოს იმავე რაოდენობის, სახისა და ხარისხის თანხა (ნივთი). ვალდებულების შეუსრულებლობისას (თუკი მსესხებელი თანხას ვერ დააბრუნებს), გამსესხებელი (სასამართლოს გადაწყვეტილების ან ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე), კუთვნილი ფულის მიღებას შეძლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მსესხებელს საკუთრებაში ექნება რაიმე სახის ქონება.
იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულების დროს კი ვალდებულების შესრულების (ნასესხები თანხის დაბრუნების) გარანტიად უძრავი ქონება გამოიყენება. ანუ, თუკი მსესხებელი არ შეასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას და არ დააბრუნებს ნასესხებ ფულს, გამსესხებელს (იპოთეკარს) უფლება აქვს, მოითხოვოს ვალის დაბრუნება იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციით.
სანოტარო მედიაცია
კითხვა: რა არის სანოტარო მედიაცია?
პასუხი: სანოტარო მედიაცია სამოქალაქო დავების (საოჯახო, სამემკვიდრეო, სამეზობლო...) მოგვარების ალტერნატიული ფორმაა. დავა წყდება სასამართლო განხილვის გარეშე, ნოტარიუსის დახმარებით.
კითხვა: ყველა მოქმედ ნოტარიუსს შეუძლია მედიაციის განხორციელება?
პასუხი: სანოტარო მედიაციას სერტიფიცირებული ნოტარიუსები ახორციელებენ.
მედიატორი ნოტარიუსების რეესტრი განთავსებულია საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზე: www.notary.ge.
კითხვა: მედიაციის საფასური როგორ განისაზღვრება?
პასუხი: სანოტარო მედიაციის ტარიფი განსაზღვრული არ არის, საზღაური ნოტარიუსსა და მხარეებს შორის შეთანხმებით განისაზღვრება.
კითხვა: სად ტარდება მედიაციის პროცესი?
პასუხი: მედიაციის პროცესი შესაძლებელია, ჩატარდეს, როგორც სანოტარო ბიუროში, ისე მის გარეთ.
ნოტარიუსთა პალატის არქივის მომსახურება
კითხვა: სად მოვიძიო უფლებამოსილებაშეწყვეტილი ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტი?
პასუხი: უფლებამოსილებაშეწყვეტილი ნოტარიუსების მიერ ნაწარმოები სანოტარო დოკუმენტაციის მიღება შესაძლებელია იუსტიციის სახლებში.
კითხვა: მაქვს თუ არა უფლება, სანოტარო არქივიდან მივიღო ის დოკუმენტი, რომელიც არ არის ჩემს სახელზე შედგენილი?
პასუხი: უფლება გაქვთ ნოტარიუსის ან ნოტარიუსთა პალატის არქივიდან მიიღოთ მხოლოდ ის დოკუმენტი, რომელიც თქვენი მონაწილეობით ან თქვენს სახელზეა შედგენილი. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ წარმოადგენთ სანოტარო წესით დამოწმებულ დავალების ხელშეკრულებას (მინდობილობას, რწმუნებულებას) შესაბამისი უფლებამოსილების მითითებით, შესაძლებელია, მიიღოთ თქვენთვის საინტერესო დოკუმენტი.
სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში, ცნობა გაიცემა ნებისმიერ პირზე.
სანოტარო მოქმედების საზღაური
კითხვა: როგორ უნდა გავიგო, სწორად მახდევინებს თუ არა ნოტარიუსი საზღაურს?
პასუხი:
ნოტარიუსის მიერ სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის დადგენილი საზღაური
გამოიანგარიშება "სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და
საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი
გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ"
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №507 დადგენილების
შესაბამისად. გადახდევინებული საზღაურის ოდენობა ნოტარიუსის მიერ მიეთითება
სანოტარო აქტში, რომელიც ეძლევა სანოტარო მოქმედების მონაწილე მხარეს და
სანოტარო მოქმედებათა რეგისტრაციის რეესტრში. გარდა ამისა, სანოტარო
მოქმედების შესრულებისათვის განკუთვნილი საზღაურის შესახებ ინფორმაცია
განთავსებული უნდა იყოს ყველა სანოტარო ბიუროში თვალსაჩინო ადგილას.
კითხვა: შემიძლია თუ არა მივიღო ნოტარიუსთან გადახდილი საზღაურის დამადასტურებელი ქვითარი?
პასუხი: დიახ,
შესაძლებელია თქვენს მიერ გადახდილი საფასურის დამადასტურებელი საბუთის
მიღება. ელექტრონული პროგრამა ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტის ელექტრონულ
რეესტრში დარეგისტრირებისთანავე ავტომატურად ადგენს და ბეჭდავს სანოტარო
მომსახურების საზღაურის გადახდის დამადასტურებელ საბუთს - ინვოისს, სადაც
დეტალურად არის გაწერილი მოქალაქის მიერ გადახდილი საზღაურის მიზნობრიობა
და მითითებულია ნოტარიუსის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
კითხვა: ინვოისის დაკარგვის შემთხვევაში თუ არის შესაძლებელი მისი მოძიება?
პასუხი: დიახ,
შესაძლებელია. მოქალაქის მიერ სანოტარო მომსახურებაში გადახდილი საზღაურის
დამადასტურებელი საბუთის მოძიება ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზეც არის
შესაძლებელი. ნოტარიუსთა პალატის ოფიციალურ ვებგვერდზე www.notary.ge
განთავსებული ბანერის „სანოტარო მოქმედებათა ელექტრონული რეესტრი"
მეშვეობით, პროგრამაში შესაბამისი მონაცემების შეყვანის შემთხვევაში,
შესაძლებელია როგორც სანოტარო აქტის, ისე, ინვოისის მოძიება.
უცხო ქვეყანაში დამოწმებული სანოტარო დოკუმენტი
კითხვა: ვალდებულია თუ არა ნოტარიუსი, მიიღოს უცხო სახელმწიფოში შედგენილი, სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტი?
პასუხი: საქართველოში ნოტარიუსთან წარსადგენი უცხო სახელმწიფოში სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტი უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული და შევსებული იმ ქვეყნის სახელმწიფო ენაზე, რომელ ქვეყანაშიც დოკუმენტი დამოწმდა. ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენცია აუქმებს წევრი ქვეყნების (მათ შორისაა შვეიცარია) ოფიციალური ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების ლეგალიზებას. ვინაიდან საქართველო ამ კონვენციის წევრი გახდა, სანოტარო წესით შედგენილი დოკუმენტი უნდა იყოს აპოსტილით (ნამდვილობის დამადასტურებელი სპეციალური შტამპი) დამოწმებული.
კითხვა: საქართველოში დავამოწმე დოკუმენტის თარგმანი, რომელიც მესაჭიროება სხვა სახელმწიფოში წარსადგენად. საჭიროა თუ არა დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება?
პასუხი: იმ შემთვევაში, თუ სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტი უნდა წარადგინოთ იმ სახელმწიფოში, რომელიც არის 1961 წლის ჰააგის კონვენცის წევრი, საკმარისია დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება. 2007 წლის 15 მაისიდან საქართველოში ძალაში შევიდა ზემოაღნიშნული კონვენცია, რომელიც აუქმებს ლეგალიზაციის მოთხოვნას.
ნოტარიუსობის კანდიდატი
კითხვა: რა არის საჭირო ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად?
პასუხი: ნოტარიუსის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს საქართველოს ქმედუნარიანმა მოქალაქემ, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, გავლილი აქვს სტაჟირება ან აქვს ნოტარიუსად მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი ან საჯარო სამსახურში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი და ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა და გაივლის კონკურსს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 10 იანვრის №3 ბრძანებით დამტკიცებული „ნოტარიუსობის კანდიდატის შესარჩევად კონკურსის ჩატარების წესის“ შესაბამისად.
კითხვა: სად და როგორ გავიარო ნოტარიუსის სტაჟირება?
პასუხი: სტაჟირება უნდა გაიაროთ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში. სტაჟიორთა შერჩევა და მიღება სასწავლო ცენტრში ხდება კონკურსის წესით.
კითხვა: შემიძლია თუ არა სტაჟირების დასრულებამდე ჩავაბარო ნოტარიუსის საკვალიფიკაციო გამოცდა?
პასუხი: შეგიძლიათ სტაჟირების პარალელურად ჩააბაროთ ნოტარიუსის საკვალფიკაციო გამოცდა.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599