ჩვენ შესახებ

საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ ფუნქციონირება დაიწყო 1996 წლის 3 მაისის "ნოტარიატის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე, რომლითაც განისაზღვრა საქართველოში ნოტარიატის მოწყობისა და ნოტარიუსის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები.

ნოტარიუსთა პალატა ნოტარიუსთა სავალდებულო წევრობაზე დაფუძნებული და თვითმმართველობის პრინციპზე აგებული ნოტარიუსების გაერთიანებაა. კანონის თანახმად, ნოტარიუსთა პალატა წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ნოტარიუსთა პალატის თითოეული წევრი ვალდებულია, გადაიხადოს საწევრო გადასახადი.

საქართველოს ნოტარიატის მართვის უმაღლესი ორგანოა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრება, ხოლო აღმასრულებელი ორგანო - პალატის გამგეობა, რომელიც აირჩევა კრების მიერ 3 წლის ვადით, ფარული კენჭისყრით. გამგეობა შედგება 11 წევრისაგან, მათ შორის გამგეობის თავმჯდომარის, მოადგილისა და წევრებისგან, რომელთაგან თითო წევრი წარმოდგენილია აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში მოქმედი ნოტარიუსებისგან, 3 წევრი – სხვა ტერიტორიულ ერთეულებში [გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა] და 6 წევრი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში მოქმედი ნოტარიუსებისგან.​

გამგეობის თავმჯდომარეს ირჩევს საერთო კრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის წარდგინებით.

სახელმწიფო კონტროლს ნოტარიატის საქმიანობაზე ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

ფუნქციები და მიზნები

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა წარმოადგენს და იცავს ნოტარიუსთა ინტერესებს, ეხმარება მათ სანოტარო საქმიანობის განხორციელებაში, უზრუნველყოფს ნოტარიუსების ჩაბმას ნოტარიატის ფუნქციონირების პრობლემების გადაწყვეტასა და ნოტარიუსების საერთო პროფესიული ინტერესების განხორციელებაში.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა - ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრი

საქართველოს ნოტარიატმა 1996 წელს გამოთქვა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირში გაწევრიანების სურვილი. 2007 წლის 2-6 ოქტომბერს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ჩატარებულ ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის საერთო კრებაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოს კავშირში მიღების შესახებ. ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირი ერთხმად აღიარებს საქართველოს ნოტარიუსთა პალატას, როგორც საქართველოს ნოტარიატის უმაღლეს წარმომადგენლობას და ანიჭებს ყველა უფლებასა და პრივილეგიას, რაც ამ კავშირის წევრებისთვისაა დადგენილი. საქართველო ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპულ საქმეთა კომისიის (ესკ) სრულუფლებიანი წევრია. ასევე, საქართველოს ნოტარიუსთა პალატა წარმოდგენილია ნოტარიუსთა კავშირის გენერალურ საბჭოსა და ნოტარიუსის სოციალური უსაფრთხოების კომისიაში (CSSN). ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირში მიღებამდე საქართველოს ნოტარიუსთა პალატას ჰქონდა მჭიდრო კავშირები სხვადასხვა კომისიებთან. კავშირში გაწევრიანების შემდგომ საქართველოს ნოტარიუსთა პალატა აქტიურად მონაწილეობს  ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის  კომისიებთან ურთიერთობაში და გეგმავს სხვადასხვა კონფერენციას საქართველოს ტერიტორიაზე.

ნოტარიუსთა პალატის ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანია ლათინური ნოტარიატის სისტემის  ფუნდამეტური პრინციპების განვითარება სამხრეთ კავკასიის რეგიონში. დღეისათვის საქართველო წარმოადგენს საერთაშორისო კავშირის მთავარ დასაყრდენს სამხრეთ კავკასიაში.  აღნიშნული სტატუსის გამყარებისათვის საქართველოში ჩატარდა მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეხვედრები: 

საქართველოს ნოტარიატის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით 2014 წელს საქართველოს ნოტარიუსთა პალატისა და ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის მხარდაჭერით გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „ნოტარიატი თანამედროვე საზოგადოების სამსახურში“, რომელსაც დაესწრო სხვადასხვა ქვეყნის ნოტარიატების წარმომადგენლები. 

ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ეგიდით საქართველო 2017 წელს წარმოადგენდა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ინსტიტუციონალურ შეხვედრების მასპინძელ ქვეყანას.  შეხვედრების ფარგლებში გაიმართა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის საერთო კრება, გენერალური საბჭოსა და კავშირის შემადგენლობაში არსებული კომისიების სხდომები,  სხდომაზე დამსწრე დელეგატებისათვის 2017 წლის 11 მაისს.

 

ნოტარიუსი

ნოტარიუსს თანამდებობაზე ნიშნავს იუსტიციის მინისტრი, რომელიც, ასევე, განსაზღვრავს საქართველოში ნოტარიუსთა თანამდებობის რაოდენობას. იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, 2024 წლისათვის საქართველოში  ნოტარიუსთა მაქსიმალური რაოდენობა 310-ით განისაზღვრა.

საქართველოში ნოტარიუსი თავის პროფესიულ საქმიანობაში თავისუფალია და სანოტარო და სხვა, მასთან დაკავშირებულ მოქმედებათა მეშვეობით ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას. 1996 წლიდან „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, განისაზღვრა ნოტარიუსის, როგორც თავისუფალი პროფესიის წარმომადგენლის  სამართლებრივი სტატუსი.

ნოტარიუსი  არის თავისი კლიენტის მიუკერძოებელი  და სანდო მრჩეველი. ნოტარიუსის მიერ დამოწმებულ დოკუმენტს აქვს უდავო მტკიცებულებითი ძალა.

ნოტარიუსის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს საქართველოს ქმედუნარიანმა მოქალაქემ, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, გავლილი აქვს სტაჟირება ან აქვს ნოტარიუსად მუშაობის არანაკლებ ერთი წლის სტაჟი ან საჯარო სამსახურში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი, ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა  და გაივლის კონკურსს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 10 იანვრის №3 ბრძანებით დამტკიცებული „ნოტარიუსობის კანდიდატის შესარჩევად კონკურსის ჩატარების წესის“ შესაბამისად. ნოტარიუსს თანამდებობაზე ნიშნავს იუსტიციის მინისტრი.

იუსტიციის მინისტრის მიერ წამოწყებულ იქნა კამპანია ,,ნოტარიუსი ყველა რეგიონს".​ ახალდანიშნული ნოტარიუსი პირველი 3 წლის განმავლობაში სანოტარო საქმიანობას ახორციელებს მაღალმთიან დასახლებაში ან ისეთ დასახლებაში, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის.  შესაბამის დასახლებაში ნოტარიუსს სანოტარო საქმიანობის განხორციელების მთელი პერიოდის განმავლობაში სათანადო ფინანსურ დახმარებას უწევს საქართველოს ნოტარიუსთა პალატა. 

ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი; ხოლო სტაჟირების მისაღები კონკურსის ჩატარებასა და შემდგომ სტაჟიორთა მომზადებას - საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრი.

 

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრი

ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრი 2010 წელს შეიქმნა. მის ფუნქციაში შედის:

სტაჟიორთა მისაღები კონკურსის ორგანიზება და შემდგომ სტაჟიორთა მომზადება და  სწავლება პალატის მიერ დადგენილი პროგრამით;

 ნოტარიუსებისათვის სემინარების ჩატარება;

შეხვედრების უზრუნველყოფა სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან პროფესიულ-სამართლებრივ საკითხებზე.

სტაჟირება

მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით, ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრი ახორციელებს სტაჟიორთა მომზადებას.

სტაჟიორთა შერჩევა და მიღება ხდება კონკურსის წესით. კონკურსი ტარდება ტესტირების ფორმით ზოგად უნარებში. სტაჟიორობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება.

სტაჟირება ათთვიანია და მოიცას როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კურსს. თითოეული კურსი მოიცავს 5 თვეს. თეორიული კურსი ითვალისწინებს სანოტარო საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმებისა და ნოტარიუსად მუშაობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების შესწავლას, პრაქტიკულ სწავლებას კი სტაჟიორები სანოტარო ბიუროებსა და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში გადიან.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

თებერვალი
560
 
სოლიდარობის ფონდში