ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ნოტარიუსთა პალატის საერთო კრებაზე 2019 წელი შეაჯამა

25 იანვარს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრება გაიმართა. ღონისძიებას იუსტიცის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე მარიკა გოგოლაძე, გამგეობის წევრები და ნოტარიუსები ესწრებოდნენ.
ნოტარიუსთა პალატის გამგეობამ, დისციპლინური და საფინანსო-სარევიზიო კომისიების თავმჯდომარეებმა ნოტარიუსებს გასული 2019 წლის საქმიანობის ანგარიშები წარუდგინეს. ნოტარიუსთა საერთო კრებაზე დამტკიცდა 2020 წლის ბიუჯეტი.

  • ნოტარიუსებმა 460 მედიაციის წარმატებული პროცესი ჩაატარეს

გამგეობის ანგარიშის ფარგლებში ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ მარიკა გოგოლაძემ კრებას სანოტარო მოქმედებათა სტატისტიკის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
მარიკა გოგოლაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სანოტარო მედიაციის მხრივ მიღწეულ შედეგებზე. იუსტიციის მინისტრის ინიცირებული მიწის რეგისტრაციის გამარტივების ფარგლებში, ნოტარიუსებმა 2019 წლის განმავლობაში მორიგებით დაასრულეს 460-მდე მედიაციის პროცესი. 2016 წლის აგვისტოდან 2020 წლის იანვრამდე კი განხორციელდა 1878 სამედიატორო მორიგების აქტი, რაც იმას ნიშნავს, რომ 1878 საქმეზე მინიმუმ ორმა მხარემ დაზოგა ადვოკატისა და სასამართლო ხარჯები, დრო, ადამიანური რესურსი და სასამართლოს გარეშე მიაღწია სასურველ შედეგს.

  • ახალი მობილური აპლიკაცია SKYPE-ს ონლაინ სანოტარო მოქმედების შესრულების პროცესში სრულად ჩაანაცვლებს

მიმდინარეობს მობილური და სერვერული აპლიკაციის შემუშავების დასრულება, რომელიც სრულად ჩაანაცვლებს SKYPE-ს ონლაინ სანოტარო მოქმედების შესრულების პროცესში. ბრენდირებული მობილური აპლიკაციის მეშვეობით კი, მოქალაქე შეძლებს დაუკავშირდეს ნოტარიუსს, შექმნას კონფერენცია და შეასრულოს შესაბამისი სანოტარო მოქმედება.
პროგრამაში ასევე ინტეგრირებული იქნება სხვა ისეთი სასარგებლო ფუნქციონალი, როგორიცაა: სანოტარო ბიუროების რუკა, ნოტარიუსების სამუშაო გრაფიკი და სხვა. აღნიშნული პროექტის ძირითადი მიზანია გაუმარტივოს მოქალაქესა და ნოტარიუსს ონლაინ სანოტარო მოქმედების შესრულება. პროექტის მიზანია, მოახდინოს პროცედურის სტანდარტიზაცია და მნიშვნელოვნად გაზარდოს უსაფრთხოების დონე.

  • იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოტარიუსები დააჯილდოვა

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე მიხეილ სარჯველაძემ ნოტარიუსებს სიგელები გადასცა.
,,საპატიო ნოტარიუსის“ წოდება მიენიჭა 7 ნოტარიუსს: ვალიდა ნინიძეს, ეთერ ოთანაძეს, ნინო თოფურიას, ნინო ფერაძეს, ეთერ გზირიშვილს, თინათინ კობერიძეს და თამარ ხუნაშვილს.
ნოტარიუსთა პალატის ჰიმნის ფონზე ფიცი დადეს ახლადდანიშნულმა ნოტარიუსებმა. 2016 წლიდან, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით დაწყებული ნოტარიატის რეფორმის ფარგლებში დაინიშნა 39 ნოტარიუსი, მათ შორის, 2019 წელს დაინიშნა 8 ნოტარიუსი ისეთ რეგიონებში, რომლებიც მანამდე მოკლებული იყო სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობას. ასევე, მზარდია იმ საზოგადოებრივი ცენტრების რაოდენობა, სადაც მოსახლეობა უზრუნველყოფილია სანოტარო სერვისებით. სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად გაიზარდა სანოტარო სერვისების საზოგადოებრივ ცენტრებში დანერგვის შედეგადაც.

  • საქართველოს ნოტარიატი ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირთან წარმატებულ თანამშრომლობას აგრძელებს

ნოტარიუსთა პალატის ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანია ლათინური ნოტარიატის ფუნდამენტური პრინციპების განვითარება სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რათა საქართველოს ნოტარიატი გახდეს საერთაშორისო კავშირის მთავარი დასაყრდენი სამხრეთ კავკასიაში.
ამისათვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლები ხშირად მართავენ საერთაშორისო კონფერენციებს, მონაწილეობას იღებენ ნოტარიუსთა კავშირის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციებსა თუ ინსტიტუციონალურ შეხვედრებში.

  • სანოტარო სერვისების ხელმისაწვდომობისათვის მუშაობა გრძელდება

2019 წელს პროექტის „გარემო ბარიერების გარეშე“ ფარგლებში უსინათლო და მცირედმხედველი პირებისთვის ნოტარიუსთა პალატის ადაპტირებული, ხმოვანი ვებგვერდი შეიქმნა.
პალატის საიტზე განთავსებულია სანოტარო ბიუროების ჩამონათვალი, სადაც ეტლით მოსარგებლე პრებს დაუბრკოლებლად შეუძლიათ სერვისებს მღება, სხვა ბიუროების ადაპტირებისათვის მუშაობა გრძელდება.
სრულად იქნება მორგებული შშმ პირთა საჭიროებებს ნოტარიუსთა პალატის ახალი ადმინისტრაციული ოფისი, რომელიც 2020 წლის გაზაფხულზე გაიხსნება. შენობაში განთავსებული იქნება ე.წ. ამწე ლიფტი, მცირედმხედველთათვის კი ცენტრალურ შესასვლელში სპეციალური დაქტილური ბილიკები მოეწყობა.

 


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

მარტი
560
 
სოლიდარობის ფონდში