იურიდიული პირების წარმომადგენლობითი უფლებამოსილება

იურიდიული პირების წარმომადგენლობითი უფლებამოსილება
სარეგისტრაციო წარმოებაში მონაწილე იურიდიული პირები და სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნები:
,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ზ“ პუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან ადმინისტრაციული ორგანო, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს სააგენტოს გადაწყვეტილება ან ქმედება;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1509-ე მუხლის თანახმად:
1. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ითვლებიან: ა) სახელმწიფო; ბ) თვითმმართველი ერთეული; გ) სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობის ან ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე შექმნილი იურიდიული პირები, რომლებიც არ არიან ჩამოყალიბებული სამოქალაქო კოდექსის ან მეწარმეთა შესახებ კანონით განსაზღვრული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით; დ) სახელმწიფო დაწესებულებები და სახელმწიფო ფონდები, რომლებიც არ არის შექმნილი სამოქალაქო კოდექსის ან მეწარმეთა შესახებ კანონის შესაბამისად; ე) საჯარო მიზნების მისაღწევად კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი არასახელმწიფოებრივი ორგანიზაციები (პოლიტიკური პარტიები და სხვა); ვ) საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია; ზ) ამ კოდექსის 15091 მუხლით გათვალისწინებული რელიგიური გაერთიანებები.
2. კერძო სამართლის იურიდიულ პირებს განეკუთვნება:
ა) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი; ბ) (ამოღებულია - 14.12.2006, №3967); გ) სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება; დ) კომანდიტური საზოგადოება; ე) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება; ვ) სააქციო საზოგადოება; ზ) კოოპერატივი.
სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი შეიძლება იყოს უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალი, ერთობლივის საქმიანობის ამხანაგობა (იგივე მენაშენეთა ამხანაგობა), ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, არარეგისტრირებული კავშირები და სხვ.
იურიდიული პირების და სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დადგენის წესი:
იურიდიულ პირების და სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების ფუნქციონირებისთვის კანონით ან წესდებით განისაზღვრება ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე ორგანოები (პირები).
..მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
იურიდიული პირის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების მქონე ორგანოების/პირების ფორმირების წესი და უფლებამოსილების ფარგლები განსაზღვრულია კანონით, ხოლო თუ კანონი იმპერატიულად არ ადგენს კონკრეტული სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირისათვის მმართველობითი ორგანოს არსებობას, მაშინ ასეთი ორგანოები იქმნება მისი სადამფუძნებლო დოკუმენტით - წესდებით. ამასთანავე, იურიდიული პირების ხელმძღვანელობითი ან/და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შესახებ ინფორმაცია შეიძლება მიეთითოს წესდების ნებისმიერ თავში, მათ შორის გარდამავალ და დასკვნითი დებულებებში.
თუ სარეგისტრაციო წარმოების ერთ-ერთი მხარეა იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, უფლების რეგისტრაციისათვის აუცილებელია დადგინდეს დაინტერესებული იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და/ან ორგანო, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ საკითხთან დაკავშირებით.
საჯარო სამართლის იურიდიულ პირები:
• სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (ორგანოს) შესახებ ინფორმაცია დგინდება იმ სამართლებრივი აქტებით, რომლებიც განსაზღვრავენ სარეგისტრაციო წარმოების მონაწილე იურიდიული პირის შექმნის წესს და უფლებამოსილებებს.
• საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი).
• მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით რეგისტრირებული რელიგიური გაერთიანების ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (ორგანოს) შესახებ ინფორმაცია და მისი უფლებამოსილების ფარგლები დგინდება, ამავე რეესტრში დაცული, მოქმედი წესდების შესაბამისად.
კერძო სამართლის იურიდიულ პირები:
• არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების (სპს), კომანდიტური საზოგადოების (კ.ს), ე) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (შპს), სააქციო საზოგადოების (სს) და კოოპერატივის რეგისტრაცია ხროციელდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში. შესაბამისად, მისი ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (ორგანოს) შესახებ ინფორმაცია და მისი უფლებამოსილების ფარგლები დგინდება, ამავე რეესტრში დაცული, მოქმედი წესდების შესაბამისად.
სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი:
• უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალი რეგისტრირდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში, თუმცა მოქმედი კანონმდებლობის თანახმად იგი არ წარმოადგენს იურიდიულ პირს. უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალის ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (ორგანოს) შესახებ ინფორმაცია დგინდება ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ხოლო მისი უფლებამოსილების ფარგლები ამავე რეესტრში დაცული სადამფუძნებლო დოკუმენტების (ამონაწერი იურიდიულ პირთა რეესტრიდან, სერთიფიკატი, წესდება, დაფუძნების ხელშეკრულება და ა.შ.) შესაბამისად.
• ერთობლივის საქმიანობის ამხანაგობის (იგივე მენაშენეთა ამხანაგობის) რეგისტრაციას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. შესაბამისად, მისი ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (ორგანოს) შესახებ ინფორმაციის და უფლებამოსილების ფარგლების დასადგენად საჭიროა წარმოდგენილ იქნეს ყველა წევრის მიერ ხელმოწერილი ამხანაგობის დაფუძნების დოკუმენტი (ხელშეკრულება/წესდება/კრების ოქმი და სხვ.)
• ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის რეგისტრაცია მოქმედი კანონმდებლობის თანახმად სავალებულო არ არის. მისი ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (ორგანოს) შესახებ ინფორმაციის და უფლებამოსილების ფარგლების დასადგენად საჭიროა წარმოდგენილ იქნეს თავმჯდომარის ან ბმა-ს წევრების მიერ ხელმოწერილი ამხანაგობის დაფუძნების დოკუმენტი - კრების ოქმი ან/და წესდება.
• არარეგისტრირებული კავშირები მოქმედი კანონმდებლობის თანახმად არ ექვემდებარებიან რეგისტრაციას. აღინიშნული პირების ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (ორგანოს) შესახებ ინფორმაციის და უფლებამოსილების ფარგლების დასადგენად საჭიროა წარმოდგენილ იქნეს ყველა წევრის მიერ ხელმოწერილი დაფუძნების დოკუმენტი.
დირექტორის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება:
კერძო სამართლის იურიდიული პირს ძირითად შემთხვევაში მესამე პირებთან წარმოადგენს დირექტორი, რომლის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლები განსაზღვრულია წესდებით/სადამფუძნებლო ხელშეკრულებით. კანონით შესაძლებელია იურიდიულ პირის ჰყავდეს რამდენიმე დირექტორი და წესდებით (ან კრების ოქმით) განისაზღვროს მათი უფლებამოსილების ფარგლები - ერთობლივად წარმოადგენენ საწარმოს თუ ცალ-ცალკე. რეგისტრაციის პროცესში მონაწილე კერძო სამართლის იურიდიული პირის კონკრეტულ გარიგებაზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების კვლევისას აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი საკითხები:
• თუ იურიდიული პირის ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დგინდება, რომ საწარმოში დანიშნულია რამდენიმე წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (გენერალური დირექტორი, დირექტორი, ფინანსური დირექტორი, დირექტორის მოადგილე და ა.შ) მათი უფლებამოსილება - ერთობლივად წარმოადგენენ საწარმოს თუ ცალ-ცალკე - უნდა დადგინდეს სამეწარმეო რეესტრში დაცული მოქმედი წესდების შესაბამისად. ამასთანავე, საკითხის კვლევისას აუცილებელია სამეწარმეო რეესტრში დაცული პარტნიორთა კრების ოქმების გაცნობა, ვინაიდან შესაძლებელია ზემოაღნიშნული საკითხი რეგულირებული იყოს კრების ოქმებით და არა წესდებით. აღნიშნული წესი ვრცელდება ბანკების და სხვა მიკროსაფნინასო ორგანიზაციების წარმომადგენლობითი უფლებამოსილების კვლევის პროცესზეც.
• თუ სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დგინდება, რომ იურიდიული პირის დირექტორის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მინიჭებული აქვს რამდენიმე პირს და თუ აღნიშნული უფლებამოსილების განსახორციელებლად გაცემულ მინდობილობებში არ არის მითითებული, რომ ისინი ერთობლივად წარმოადგენენ საწარმოს, უნდა მივიჩნიოთ, რომ თითოეული მინდობილი პირი ცალ-ცალკე ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას.
• თუ იურიდიული პირის მიერ კონკრეტული გარიგების დადების უფლებამოსილება წესდების თანახმად წარმოადგენს პარტნიორთა კრების კომპეტენციას და აღნიშნულ გარიგებას ხელს აწერს ამ იურიდიული პირის ერთ-ერთი პარტნიორი, გარიგებით გათვალისწინებული უფლების რეგისტრაციისათვის საჭიროა დირექტორის კანონის შესაბამისად გაცემული თანხმობა/მოწონება. აღნიშნული წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, თუ გარიგება დადებულია იურიდიული პირის 100%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის მიერ. აღნიშნული წესი არ ვრცელდება (ანუ დირექტორი თანხმობა არ მოითხოვება) იმ შემთხვევაში, თუ პარტნიორების მიერ, კრების ოქმით, კონკრეტული გარიგების დადებისთვის ერთჯერადად განსაზღვრულია სხვა პირი, მათ შორის საწარმოს რომელიმე პარტნიორი.
• იურიდიული პირის დირექტორის მინდობილი პირის მიერ სხვა პირზე უფლების გადანდობის შემთხვევაში (თუ გადანდობის უფლებამოსილებას ითვალისწინებს მინდობილ პირზე გაცემული მინდობილობა), საჭიროა წარმოდგენილ იქნეს ნოტარიუსის მიერ სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობა. აღნიშნული წესი არ ვრცელდება ბანკებზე და სხვა საფინანსო ინსტიტუტებზე.
• თუ დგინდება, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი გარიგება დადებულია ძველი დირექტორის (ან ძველი დირექტორის მიერ დანიშნული წარმომადგენლის) მიერ და გარიგების რეგისტრაციის პროცესში დგინდება, რომ საწარმოში დანიშნულია ახალი დირექტორი, სარეგისტრაციო წარმოების დასრულებისათვის ახალი დირექტორის მიერ ნების გამოხატვის (მოწონების) დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა არ მოითხოვება.
• თუ სარეგისტრაციო წარმოების პროცესში იურიდიული პირის წესდებით დგინდება, რომ კონკრეტული გარიგების დადება წარმოადგენს პარტნიორთა კომპეტენციას და გარიგებას თან ერთვის პარტნიორთა კრების ოქმი, რომელიც მიღებულია საწარმოს ძველი პარტნიორ(ებ)ის მიერ, უფლების რეგისტრირდება იმ შემთხვევაში, თუ პარტნიორთა კრების ოქმი და გარიგება შესრულებულია ერთი და იგივე თარიღში. იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს ძველი პარტნიორების მიერ გარიგების დადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია გარიგების დადებამდე, უფლების რეგისტრაციისთვის სავალდებულოა ახალი პარტნიორ(ებ)ის მიერ ნების გამოხატვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა აღნიშნული გარიგების საფუძველზე უფლების დარეგისტრირებასთან დაკავშირებით.
• თუ სარეგისტრაციო წარმოების სუბიექტია სააქციო საზოგადოება, რომლის წესდებაშიც მითითებულია, რომ აქციონერთა კრების ან სამეთვალყურეო საბჭოს კომპეტენციაა ისეთ გარიგებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება, რომელის ღირებულება აღემატება საზოგადოების აქტივების ... %-ს, სარეგისტრაციო წარმოება ასეთი ჩანაწერის საფუძველზე აქციონერთა კრების ოქმის ან დირექტორის მიერ ინფორმაციის წარმოდგენის მოთხოვნით არ ჩრდება. ხოლო თუ სარეგისტრაციო წარმოების სუბიექტია სხვა იურიდიული პირი (შპს, სპს, კს და კოოპერატივი), რომლის წესდებაშიც მითითებულია მსგავსი ჩანაწერი, სარეგისტრაციო წარმოება ჩერდება დირეტორის მიერ დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის მოთხოვნით, რომლითაც დადასტურდება, რომ სარეგისტრაციო გარიგება არ აღემატება საზოგადოების აქტივების წესდებით განსაზღვრულ ოდენობას.
• თუ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილია იურიდიული პირის მიერ დადებული გარიგება, რომელიც დამოწმებულია საჯარო სანოტარო აქტის ფორმით, სარეგისტრაციოს წარმოების პროცესში დამატებით კვლევას არ ექვემდებარება დირქტორის უფლებამოსილება აღნიშნული გარიგების დადებასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული გარიგება სარეგისტრაციოდ წარმოდგენილია იურიდიული პირის დირექტორის ან მინდობილი პირის მიერ, სარეგისტრაციო წარმოების პროცესში გამოკვლეულ უნდა იქნეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნული პირების წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.
იურიდიული პირის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების სხვა საკითხები:
• უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალი არ წარმოადგენს დამოუკიდებელ სამართალსუბიექტს, იგი ძირითადი საწარმოს (იურიდიული პირის) წარმომადგენლობაა, შესაბამისად მასზე უფლება არ რეგისტრირდება. თუმცა, შესაძლებელია ფილიალი სამოქალაქო ურთიერთობებში მონაწილეობდეს როგორც ძირითადი საწარმოს წარმომადგენელი, რომელსაც დამფუძნებელი სუბიექტისგან დელეგირებული აქვს კონკრეტული უფლებამოსილებები. თუ, სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დგინდება, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი გარიგება დადებულია უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალის მიერ, სარეგისტრაციო წარმოების პროცესში უნდა დადგინდეს აღნიშნული ფილიალის სადამფუძნებლო დოკუმენტების (ამონაწერი იურიდიულ პირთა რეესტრიდან, სერთიფიკატი, წესდება, დაფუძნების ხელშეკრულება და ა.შ.) თანახმად, აქვს თუ არა ფილიალს დელეგირებული გარიგების დადების უფლებამოსილება. თუ დადგინდება ამგვარი უფლებამოსილების დელეგირების ფაქტი, სარეგისტრაციო წარმოება არ ჩერდება, უფლება რეგისტრირდება და ამონაწერში მესაკუთრედ მიეთითება ფილიალის დამფუძნებელი იურიდიული პირის სახელწოდება და საიდენტიფიკაციო მონაცემი (აღნიშნულ საკითხზე იხ. იურიდიული დეპარტამენტის გადაწყვეტილება N258498).
• თუ სარეგისტრაციო წარმოებაში მონაწილე იურიდიული პირის წესდებით დგინდება, რომ უძრავ ქონებასთან დაკავშირებთ გარიგების დადება წარმოადგენს პარტნიორთა კრების კომპეტენციას და ამ იურიდიული პირ(ებ)ის პარტნიორია ასევე იურიდიული პირ(ებ)ი, უძრავ ქონებაზე გარიგების დადებისთვის საჭიროა პარტნიორი იურიდიული პირ(ებ)ის დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უძრავ ქონებაზე გარიგების დადებასთან დაკავშირებთ. ამ შემთხვევაში არ ვიკვლევთ პარტნიორი იურიდიული პირ(ებ)ის დირექტორის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების საკითხს.

 


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 777

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

მარტი
560
 
სოლიდარობის ფონდში