2009 წელს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაწეული საქმიანობა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში 2009 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი სიახლეები დაინერგა და არაერთი საქველმოქმედო ღონისძიება ჩატარდა.
2009 წლის 23 მარტიდან ნოტარიუსთა პალატა აწარმოებს სანოტარო მოქმედებათა ერთიან ელეტრონულ სანოტარო რეესტრს. საქართველოში მოქმედი ყველა ნოტარიუსი გადავიდა ელექტრონულ საქმისწარმოებაზე, რამაც მნიშვნელოვნად დააჩქარდა და გაამარტივდა მოქალაქეთა მომსახურება. დაინტერესებულ პირს სანოტარო პალატის ვებგვერდზე, სახლიდან გაუსვლელად, შეუძლია გადაამოწმოს, რეგისტრირებულია თუა არა მისი სანოტარო აქტი.
ერთიან ელეტრონულ სანოტარო რეესტრთან ერთად, პალატაში დაიწყო სამემკვიდრეო საქმეთა მონაცემების ელექტრონულ ბაზაში განთავსება, რაც ხელს შეუწყობს ნოტარიატის შესახებ ახალი კანონით გათვალისწინებული სიახლის ამოქმედებას. აღნიშნული სიახლე მომავალი წლის 2010 წლის აპრილიდან შევა ძალაში და  სამკვიდრო მოწმობის ასაღებად განცხადების შეტანის პრინციპის შეცვლას ითვალისწინებს. თუკი აქამდე სამკვიდრო მოწმობის მისაღებად განცხადების შეტანა მოქალაქეს მხოლოდ საკუთარ უბანში მდებარე სანოტარო ბიუროში შეეძლო, მომავალი წლის გაზაფხულიდან საშუალება ექნება, სამკვიდრო მოწმობის მისაღებად განცხადება ნებისმიერ ნოტარიუსთან შეიტანოს.
ამოქმედდა  „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისთვის საზღაურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ კანონი, რომლის საფუძველზეც, ნოტარიუსთა პალატის არქივში დაჩქარებული მომსახურება დაინერგა. აღნიშნული საკანონმდებლო სიახლე მოქალაქეს საშუალებას აძლევს, მისთვის საჭირო დოკუმენტი დროულად მიიღოს.
ჩატარდა ნოტარიუსის სტაჟიორთა კონკურსი, რის შედეგადაც 19 სტაჟიორი დაინიშნა. ისინი  მიმაგრებულები არიან შესაბამისი რაიონების ნოტარიუსებთან, სადაც  სანოტარო საქმისწარმოებას სწავლობენ. სტაჟიორთა დანიშვნისას ძირითადი აქცენტი გაკეთდა იმ რაიონებზე, სადაც ერთი ნოტარიუსია დანიშნული.  აღნიშნული კონკურსი  კვალიფიციური კადრების მომზადებას შეუწყობს ხელს.
წლის განმავლობაში ნოტარიუსთა პალატის გამგეობამ ჩაატარა 37 სხდომა, სადაც, ძირითადად, განიხილებოდა შემდეგი საკითხები: ნოტარიუსთა სამუშაო უბნებში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ, ნოტარიუსთა შემცვლელი პირების დანიშვნის თაობაზე, საკანონმდებლო სიახლეების შესახებ, ნოტარიუსთათვის დახმარებისა და ნოტარიუსთა პალატის დისციპლინური კომისიისთვის მასალების გადაცემის შესახებ.
საქართველოს ტერიტორიაზე 2009 წელს 1 214 926  სანოტარო მოქმედება შესრულდა. აქედან თბილისის ნოტარიუსების მიერ – 596 435  სანოტარო მოქმედება,  დასავლეთ  საქართველოს ნოტარიუსების მიერ – 143 904  სანოტარო მოქმედება, აღმოსავლეთ  საქართველოს ნოტარიუსების მიერ  - 265 790  სანოტარო მოქმედება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნოტარიუსების მიერ  - 92 109 სანოტარო მოქმედება, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნოტარიუსების მიერ - 116 688 სანოტარო მოქმედება.
წლის განმავლობაში ნოტარიუსთა პალატამ 30 000–მდე მოქალაქეს გაუწია სამართლებრივი კონსულტაცია. მოქალაქეები, ძირითადად,  ინტერესდებოდნენ მემკვიდრეობის მიღებასთან, ანდერძისა და უცხოეთში გასაგზავნი დოკუმენტების დამოწმებასთან, სანოტარო მოქმედების შესასრულებლად საჭირო საზღაურსა და ნოტარიუსთან წარსადგენ დოკუმენტებთან  დაკავშირებული საკითხებით. დაინტერესებულ პირებს საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში კონკულტაციის მიღება ადგილზე მისვლით და, ცხელი ხაზის საშუალებით (94 06 13), ტელეფონითაც შეუძლიათ. ამასთან, საინტერესო კითხებზე პასუხის მიღება ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზეც (notary.ge) არის შესაძლებელი.
საქართველოში მოქმედი ნოტარიუსებისთვის პალატამ ჩაატარდა არაერთი სემინარი, სადაც  განიხილებოდა სანოტარო საქმიანობაში დანერგილი სიახლეები და მიმდინარე პრობლემები.
ნოტარიუსთა პალატა აქტიურად მონაწილეობდა აქციაში – „მთავრობის ანგარიში ხალხს“.  თბილისის, ახალქალაქის, ქუთაისის, თელავის, რუსთავის, ზუგდიდის მოსახლეობამ ამომწურავი იფორმაცია მიიღო იმ სიახლეების შესახებ, რაც ბოლო პერიოდში ნოტარიუსთა პალატაში დაინერგა. მოქალაქეებს საინფორმაციო ბუკლეტებიც დაურიგდათ.
2009 წლის პირველი ოქტომბრიდან ნოტარიუსთა პალატა „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების პროექტში“ ჩაერთო და დაასაქმა 18 წლის სალომე გარუჩავა, რომელსაც გადაადგილების უნარი შეზღუდული აქვს, თუმცა, ნოტარიუსთა პალატაში დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით,  მოქალაქეთა მომსახურება არ უჭირს. იგი დაინტერესებულ პირებს კვალიფიციურ სატელეფონო მომსახურებას საკუთარი სახლიდან უწევს და მათ სანოტარო მოქმედებების ელექტრონულ რეესტრში არსებულ ინფორმაციას აწვდის. სალომე 2009 წლის ბოლომდე  უკვე 220 მოქალაქეს მოემსახურა.
მოეწყო არაერთი საქველმოქმედო ღონისძიება. ნოტარიუსთა პალატა აქტიურად თანამშრომლობდა ჩვილ ბავშვთა სახლსა და თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატთან. ნოტარიუსთა საერთაშორისო დღეს, 7 ნოემბერს პალატამ აღნიშნულ ორგანიზაციებს საჩუქრები გადასცა, საახალწლოდ კი ხანდაზმულთა პანსიონატს რთველში შეჩენილი ყურძნისგან დაწურული 200 ლიტრი ღვინო, „საფერავი“ აჩუქა და  თავშესაფრის ბინადართა ცხოვრების შესახებ დაწერილი წიგნის დაკაბადონების ხარჯები გადაურიცხა.  პალატის წარმომადგენლები პანსიონატის საპატიო წევრებიც გახდნენ. პალატამ 2 ტონა ღვინო ვარძიის მონასტერსაც გაუგზავნა.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში