საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლებმა ნიუ იორკში ციფრული ნოტარიატის თემაზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

ნოტარიუსთა პალატის  აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე სოფიო გოგაშვილმა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა თეონა წინწალაშვილმა  სხვადასხვა ქვეყნის ნოტარიატებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს გაუზიარეს გამოცდილება ქართულ სანოტარო სისტემაში არსებული ელექტრონული სერვისების შესახებ და ისაუბრეს ციფრული მომსახურების  უპირატესობებზე.
 
 
საერთაშორისო კონფერენცია ნიუ იორკის ,,Touro”-ს უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით გაიმართა, რომელიც ყოველწლიურად ატარებს სასწავლო კურსებსა და სამეცნიერო კონფერენციებს როგორც მოქმედი, ასევე, მომავალი ნოტარიუსებისთვის. ღონისძიების მიზანი სანოტარო სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება  და  ცნობიერების ამაღლებაა.
 
მაღალი რანგის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა საქართველოს ნოტარიუსთა პალატას საშუალებას აძლევს, გაუზიაროს პარტნიორ ქვეყნებს ქართული ნოტარიატის წარმატებები და მიღწევები და, ამავდროულად, გაეცნოს
ციფრული სერვისების მიმართულებით არსებულ საერთაშორისო ტენდენციებსა და სიახლეებს.