ნოტარიუსთა პალატა შშმ პირებისთვის სერვისების ხელმისაწვდომობაზე მუშაობას აგრძელებს

შშმ პირებისთვის სერვისების ხელმისაწვდომობის  გაუმჯობესების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა იუსტიციის სამინისტროს, ნოტარიუსთა პალატის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)  ერთობლივი ინიციატივით გაიმართა. მხარეებმა ამ კუთხით არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები განიხილეს.

კერძოდ, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით იგეგმება ნოტარიუსთათვის სახელმძღვანელო დოკუმენტის შექმნა, რომელიც მათ შშმ პირებისათვის სერვისის გაცემის პროცესში პრაქტიკულ დახმარებას გაუწევს. დღის წესრიგშია ამ თემაზე ტრენინგმოდულის მომზადება და ნოტარიუსთა გადამზადება, აგრეთვე ტრენერთა ტრენინგის ჩატარება. 

შშმ პირთათვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაც სანოტარო სერვისებსაც მოიცავს. ამ ეტაპზე პალატა სანოტარო ბიუროების ადაპტირების პროექტს ახორციელებს. უკვე განსაზღვრულია  თბილისში მდებარე ოფისების საჭიროებები და შემუშავებულია მათი ადაპტაციის კონკრეტული სქემა. შემდეგ ეტაპზე კი პროექტში რეგიონში მდებარე სანოტარო ბიუროებიც ჩაერთვებიან.

სამუშაო შეხვედრაში იუსტიციის სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამისა და ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.