ნოტარიუსთა პალატის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა სანოტარო სერვისების გაუმჯობესებისთვის საჭირო ტექნიკური საკითხები განიხილეს

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში იმსჯელეს ისეთ თემებზე, როგორებიცაა: უცხო ქვეყანაში გაცემული მინდობილობის საფუძველზე, უძრავ ქონებასთან დაკავშირებით დადებული გარიგებები; ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) მონაწილეობით დადებული გარიგების სავალდებულო სანოტარო წესით დამოწმება; სანოტარო მოქმედების კონფიდენციალურობის დაცვა; ელექტრონულ სანოტარო რეესტრში განსახორციელებელი ტექნიკური საკითხები.
 
შეხვედრაში ნოტარიუსთა პალატის გამგეობის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეები, პალატის გამგეობის წევრები, ნოტარიუსები და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
 
მსგავსი შინაარსის სამუშაო შეხვედრები ნოტარიუსთა პალატის მიერ პერიოდულად იმართება და მისი მიზანი სანოტარო სერვისების დახვეწა და მოქალაქეებისთვის სანოტარო მომსახურების გაუმჯობესებაა.