დავით ფუტკარაძე სტუდენტებს ნოტარიუსის პროფესიის შესახებ ესაუბრა

რას გულისხმობს პროფესია ნოტარიუსი, რა ეტაპები უნდა გაიაროს დაინტერესებულმა პირმა პროფესიის დასაუფლებლად - ამ და ნოტარიუსის პროფესიასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან თემებზე ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ისაუბრა.
დავით ფუტკარაძემ პროფესიით დაინტერესებულ სტუდენტებს ნოტარიუსთა პალატის სტაჟირების კურსის ეტაპების და სანოტარო პრაქტიკის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, ასევე, მომავალ იურისტებს ნოტარიატის ისტორიაზე, განვითარების ეტაპებსა და ზოგადად, ნოტარიუსის პროფესიაზე ესაუბრა.
ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარესთან შეხვედრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინიციატივით გაიმართა და იგი ნოტარიუსთა პროფესიულ დღეს მიეძღვნა.
ონლაინ შეხვედრას ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი ინგა ქომეთიანიც ესწრებოდა.