ნოტარიუსთა პალატის გამგეობა რაიონის ნოტარიუსებთან შეხვედრებს მართავს

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე დავით ფუტკარაძემ და გამგეობის წევრმა ცირა ლომაიამ დუშეთის ახალ დანიშნული ნოტარიუსები მოინახულეს.
დავით ფუტკარაძე და ცირა ლომაია ნოტარიუსების, ქეთევან ლიპარტიანის და სვეტლანა კლოიანის საქმიანობას ადგილზე გაეცნენ.
ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ და გამგეობის წევრმა ახალ დანიშნული ნოტარიუსების პრაქტიკული საქმიანობის დროს წამოჭრილი პრობლემები მათთან ერთად განიხილეს და შესაბამისი რეკომენდაციებიც მისცეს.
ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლები ხშირად სტუმრობენ ნოტარიუსებს, რომლებიც სანოტარო საქმიანობას სხვადასხვა რეგიონებში ახორციელებენ, ეცნობიან მათ სამუშაო პირობებს და იმ საჭიროებებს, რომელთა მოგვარებაშიც მათ პალატის დახმარება სჭირდებათ. განსაკუთრებულ ყურადღებას ნოტარიუსთა პალატა ახალდანიშნული და იმ ნოტარიუსების მიმართ იჩენს, რომლებიც მაღალმთიან რაიონებში საქმიანობენ.
სანოტარო სერვისების ხელმისაწვდომობა ნოტარიუსთა პალატის პრიორიტეტული მიმართულებაა. იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, დაწყებული სანოტარო რეფორმის შედეგად დღეს სანოტარო მომსახურება უკვე საქართველოს მთელ ტერიტორიაზეა ხელმისაწვდომი. 2013 წლიდან ნოტარიუსები დაინიშნენ იმ მუნიციპალიტეტებსა და დასახლებებში, სადაც ან არასდროს ყოფილა ნოტარიუსი, ან დიდი ხნის მანძილზე არ იყო სანოტარო ბიუროები. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ახლად დანიშნული ნოტარიუსი პირველი სამი წლის განმავლობაში სანოტარო საქმიანობას მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე რეგიონში ან ისეთ დასახლებაში ასრულებენ, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის. ნოტარიუსთა პალატა ნოტარიუსებს, რომლებიც ასეთ რაიონებში საქმიანობენ, მატერიალურ დახმარებასაც უწევს.
რაიონის ნოტარიუსებთან გამგეობის წევრების შეხვედრა მომავალშიც გაგრძელდება.