ნოტარიუსთა საერთო კრებამ პალატის გამგეობის თავმჯდომარედ დავით ფუტკარაძე აირჩია

ნოტარიუსთა პალატას ახალი თავმჯდომარე ჰყავს.
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარის პოსტზე ორი კანდიდატი – ეთერ გზირიშვილი (ქუთაისი) და დავით ფუტკარაძე (თბილისი) – დაასახელა.
დასახელებულ კანდიდატთაგან ნოტარიუსთა საერთო კრებამ თავმჯდომარის პოსტზე დავით ფუტკარაძე 155 ხმით აირჩია. ის ნოტარიუსთა პალატას სამი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
მეორე კანდიდატს ხმა 75-მა ნოტარიუსმა მისცა, ხოლო 25-მა თავი შეიკავა კანდიდატებისთვის ხმის მიცემისგან.
იუსტიციის მინისტრმა ნოტარიუსებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე მარიკა გოგოლაძეს და გამგეობის წევრებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე და სსიპ-ების – „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“, „ციფრული მმართველობის სააგენტოს“, „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ და „იუსტიციის სახლის“ – ხელმძღვანელი პირები.
ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარის არჩევნები, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ფარული კენჭისყრით, ხმის მიცემის ელექტრონული პროგრამით ჩატარდა, რომელიც სსიპ „ციფრული მმართველობის სააგენტომ“ სპეციალურად ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარის არჩევნებისათვის შეიმუშავა. ელექტრონული არჩევნები 2014 წლიდან ტარდება.
ღონისძიება ნოტარიუსთა პალატის ახალ სათავო ოფისში მოეწყო, რომლის გახსნა უახლოეს მომავალშია დაგეგმილი.