ნოტარიუსთა პალატის განცხადება

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა: სანოტარო სერვისების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ისარგებლეთ მხოლოდ ოფიციალური არხებით

ნოტარიუსთა პალატა განცხადებას ეხმიანება, რომელიც ერთ-ერთმა მთარგმნელობითმა კომპანიამ სარეკლამო სტატიის სახით გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ამ მთარგმნელობითი კომპანიის „თარჯიმნები და ნოტარიუსები განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავებენ“ და რომ კომპანია „თარჯიმნებისა და ნოტარიუსების რაოდენობის ზრდას გეგმავს“.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა აცხადებს, რომ ნოტარიუსთა საქმიანობა, სამუშაო გრაფიკი და მათი რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ბრძანებებით. არცერთ სხვა უწყებას ან კომპანიას არავითარი უფლებამოსილება არ გააჩნია, „გაზარდოს ნოტარიუსთა რაოდენობა“ ან „განსაზღვროს მათი სამუშაო რეჟიმი“ და, რა თქმა უნდა, არცერთ კომპანიას არ ჰყავს „თავისი ნოტარიუსები“.

ნოტარიუსთა პალატა მოუწოდებს მოქალაქეებს, ინფორმაცია სანოტარო ბიუროების ფუნქციონირების შესახებ მიიღონ მხოლოდ ოფიციალური არხებით, როგორიცაა:

ნოტარიუსთა პალატის ცხელი ხაზი (2 206 776) და იურიდიული კონსულტაცია (2 206 777);
ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდი https://www.notary.ge/
ნოტარიუსთა პალატის გვერდი სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/notariustapalata/ საქართველოს ნოტარიუსთა პალატა, აგრეთვე, მოუწოდებს ამ მთარგმნელობით კომპანიას, სასწრაფოდ შეწყვიტოს მოქალაქეებისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება სანოტარო სერვისებისა და მომსახურების გრაფიკის შესახებ და ნუ ეცდება, ნოტარიუსთა სახელის გამოყენებით, მიიღოს დამატებითი ბენეფიტები ქვეყნისათვის რთულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში.