ნოტარიუსთა პალატის სტაჟიორთა კონკურსი დასრულდა

ნოტარიუსთა პალატის სტაჟიორთა კონკურსი დასრულდა. პროფესიულ  ნაწილში ტესტირებაზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ( 75 ქულა და მეტი) 51-მა მონაწილემ გადალახა.

ტესტირების პირველი ეტაპი ზოგად უნარებში გაიმართა 10 დეკემბერს. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 70 ქულა და მეტი მიიღო 94-მა მონაწილემ. პროფესიული ტესტირება კი გაიმართა 19 დეკემბერს.

სტაჟიორთა კონკურსის ორივე ეტაპი იუსტიციის სასწავლო ცენტრში გაიმართა.

სტაჟირების კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში პირს ეძლევა შესაძლებლობა, სტაჟირება გაიაროს ნოტარიუსთა პალატაში. სწავლების კურსი მოიცავს 10 თვეს. აქედან 5 თვე ეთმობა პრაქტიკულ ნაწილს, რომელსაც სტაჟიორი გადის სხვადასხვა სანოტარო ბიუროებსა და საჯარო დაწესებულებებში.

სტაჟირება ნოტარიუსთა პალატაში ერთ-ერთი საშუალებაა ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად. ნოტარიუსთა პალატამ, სისტემაში ახალგაზრდა, პერსპექტიული და მოტივირებული კადრების მოზიდვის მიზნით, კონკურსის გამოცხადების პარალელურად, აწარმოა საინფორმაციო კამპანია - ,,გაიარე სტაჟირება და გახდი ნოტარიუსი“. კამპანიის ფარგლებში ახალგაზრდა ნოტარიუსები საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტების მაგისტრატურის სტუდენტებს შეხვდნენ. ნოტარიუსებმა სტუდენტებს სტაჟირების პროგრამა და კონკურსის პირობები დეტალურად გააცნეს და პროფესია ნოტარიუსის შესახებაც ესაუბრნენ. საუნივერსიტეტო შეხვედრები თბილისსა და რეგიონებში სამი კვირის მანძილზე 15-მდე უმაღლეს სასწავლებელში გაიმართა. სტაჟირება ნოტარიუსთა პალატაში 9 ნოემბერს გამოცხადდა.