შეხვედრა თსუ-ს სტუდენტებთან

„გაიარე სტაჟირება და გახდი ნოტარიუსი“ - ნოტარიუსთა პალატამ მაგისტრანტ სტუდენტებთან შეხვედრები დაასრულა, რომელიც სტაჟირების კონკურსის პარალელურად მიმდინარეობდა.
ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრმა მანანა გოგაშვილმა ბოლო ასეთი შეხვედრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამართა. ნოტარიუსმა სტუდენტებს სტაჟირების პროგრამა და კონკურსის პირობები გააცნო და ნოტარიუსის პროფესიის შესახებ ესაუბრა, შეხვედრის ბოლოს კი მათ კითხვებსაც უპასუხა.
საუნივერსიტეტო შეხვედრები თბილისსა და რეგიონებში სამი კვირის მანძილზე 10-ზე მეტ უმაღლეს სასწავლებელში გაიმართა.
საუნივერსიტეტო შეხვედრები კავკასიის, ღია სასწავლო, გ. თავართქილაძის, საქართველოს, ტექნიკურ, შავი ზღვის საერთაშორისო, აღმოსავლეთ ევროპის, სულხან-საბა ორბელიანის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო, კავკასიის საერთაშორისო, კერძო უმაღლესი სასწავლებლებისა და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციების სტუდენტებთან გაიმართა. რეგიონებში შეხვედრებს უმასპინძლა გორის, ბათუმის და ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტებმა.
იურდიული ფაკულტეტის მაგისტრანტებს, რომელთაც აინტერესებთ ნოტარიუსის პროფესია ან ჯერ არ გადაუწყვეტიათ, რა სფეროში გააგრძელებენ მუშაობას, შესაძლებლობა ჰქონდათ, ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ სანოტარო სისტემის და საქმიანობის შესახებ, რაც მათ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარებათ, ნოტარიუსთა პალატას კი საშუალებას მისცემს, რაც შეიძლება მეტი პერსპექტიული და მოტივირებული კადრი მოიზიდოს სანოტარო სისტემაში.
ნოტარიუსთა პალატამ სტაჟირების კონკურსი მიმდინარე წლის 9 ნოემბერს გამოაცხადა და ის 5 დეკემბრამდე გაგრძელდება. დეტალური ინფორმაცია ნოტარიუსის პროფესიით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იხილონ ნოტარიუსთა პალატის და იუსტიციის სასწავლო ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდებზე.