ნოტარიუსთა პალატამ “შვეიცარიის სამოქალაქო კოდექსის“ თარგმანის პრეზენტაცია გამართა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ შვეიცარიის სამოქალაქო კოდექსის“ თარგმანის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე მარიკა გოგოლაძე, საქართველოში შვეიცარიის ელჩი ლუკას ბეგლინგერი, ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრები, იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები, ადვოკატები, ნოტარიუსები.
ღონისძიება ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიმართა. იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქართული ნოტარიატის განვითარებისათვის სანოტარო სამართალთან  დაკავშირებული ევროპული ლიტერატურის ხელმისაწვდომობა ქართულ ენაზე.
თარგმანის მნიშვნელობაზე ისაუბრა ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემაც. „შვეიცარიის სამოქალაქო კოდექსის თარგმანი მნიშვნელოვანია როგორც ნოტარიუსებისთვის, ასევე კერძო სამართლის სფეროში მოღვაწე მოსამართლეებისა და იურისტების,  ადოკატებისა და სტუდენტებისათვის“, - აღნიშნა მარიკა გოგოლაძემ.
,,ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მიისწრაფვის ევროპული სტანდარტებისკენ. შვეიცარიის სამოქალაქო კოდექსი მსოფლიოში ძალიან ცნობილია. ეს კოდექსი ემსახურება არა მხოლოდ შვეიცარიას, არამედ სხვა ქვეყნებსაც, ნიმუშადაც იყო გამოყენებული, მაგალითად თურქეთში. ვფიქრობ, ეს ძალიან მყარი საფუძველია სამართლის ნორმისთვის ყველა მოქალაქის ინტერესების დასაცავად“, - მიმართა ღონისძიების მონაწილეებს  შვეიცარიის ელჩმა საქართველოში ლუკას ბეგლინგერმა.
„შვეიცარიის სამოქალაქო კოდექსი“ მესამე წიგნია, რომელიც ნოტარიუსთა პალატის ინიციატივით ითარგმნა. სანოტარო სამართალთან დაკავშირებული ევროპული ლიტერატურის თარგმნა 2015 წლიდან დაიწყო. პროექტის მიზანი უცხოენოვანი ლიტერატურის ხელმისაწვდომობა და ქართველი ნოტარიუსებისათვის ევროპული პრაქტიკის უკეთ გაცნობაა.  პროგრამის ფარგლებში უკვე ითარგმნა ქართულად   ,,კვებეკის სამოქალაქო სამართალი“ და ვოლფის სახელმძღვანელო - „სანივთო სამართალი“.
შვეიცარიის სამოქალაქო კოდექსის“ ქართული თარგმანი სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ.