მარიკა გოგოლაძემ ნოტარიუსის თანაშემწეებს სერთიფიკატები გადასცა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში ნოტარიუსთა თანაშემწეების კანდიდატთა მომზადების მეორე ეტაპი დასრულდა. სასწავლო კურსი წარმატებით 6-მა  კურსდამთავრებულმა გაიარა. ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ მარიკა გოგოლაძემ დღეს მათ სერთიფიკატები გადასცა.

ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში ნოტარიუსის თანაშემწეთა მოსამზადებელი სწავლება 2012 წლის მარტიდან დაიწყო. მოსამზადებელი კურსები წარმატებით 54-მა კანდიდატმა გაიარა. მათი მონაცემები ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზე არსებულ ელექტრონულ ბაზაშია განთავსებული. ნოტარიუსი თანაშემწეს აღნიშნული ბაზიდან არჩევს.

ნოტარიუსის თანაშემწეთა მოსამზადებელი სწავლების კურსი, პროფესიულ სწავლებასთან ერთად, მოქალაქეთა ეფექტური მომსახურებისთვის საჭირო უნარების განვითარებასაც მოიცავს. შესაბამისად, სწავლების მიზანი სანოტარო ბიუროების სერვისების ეფექტურობისა და ხარისხის გაზრდაა. ამასთან, სასწავლო ცენტრში სისტემატურად ხორციელდება სანოტარო ბიუროებში დასაქმებულ თანამშრომელთა გადამზადება.

ნოტარიუსის თანაშემწის კანდიდატთა მომზადების კურსის გავლა ნოტარიუსის საქმიანობის მსურველთათვის დასაქმების რეალური შესაძლებლობაა.