საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დელეგაციამ შშმ პირთათვის სერვისების ხელმისაწვდომობის საკითხზე ტექნიკურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დელეგაციამ მარიკა გოგოლაძის ხელმძღვანელობით ნოტარიუსთა ტექნიკურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრა შვეიცარიაში, ჟენევაში გაიმართა და მას 25 ქვეყნების სანოტარო სისტემის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. განხილვის ძირითადი თემა იყო ნოტარიუსის როლი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სამართლებრივი შესაძლებლობების განხორციელებაში.

ქართულმა დელეგაციამ ღონისძიების მონაწილეებს ის რეფორმები გააცნო, რომელსაც საქართველოს ნოტარიუსთა პალატა შშმ პირებისათვის სერვისების მისაწვდომობის კუთხით ახორციელებს.

კერძოდ, 2015 წელს კანონმდებლობაში განხორციელებულმა ცვლილებებმა შშმ პირებისათვის უფრო ხელმისაწვდომი გახადა სანოტარო სერვისები. „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“  ინსტრუქციის რიგი მუხლები  დათმობილი აქვს შშმ პირებისათვის სანოტარო მოქმედების შესრულების წესებს, რაც უზრუნველყოფს მათთვის უფლებათა განხორციელების სრულყოფილ შესაძლებლობას.

ინსტრუქციის 52-ე მუხლის  მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულია მინდობილობის/რწმუნებულების კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების გამოყენებით დამოწმება. ასევე, გათვალისწინებულია რიგი მუხლები, რომელიც უზრუნველყოფს ყრუ-მუნჯი, ყრუ, უსინათლო, წერა-კითხვის არმცოდნე პირების მიერ სანოტარო მომსახურების შესაძლებლობას. დოკუმენტში დეტალურადაა გაწერილი სერვისების მიწოდების თავისებურებები ყრუ-მუნჯთა, სმენადაქვეითებულთა, წერა-კითხვის არმცოდნეთათვის. რაც შეეხება ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებს, მათი მონაწილეობა სანოტარო მოქმედებებში ხდება სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძველზე მხარდამჭერის დანიშვნის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების გადანდობის უფლება მხარდამჭერს აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამის შესახებ პირდაპირ არის აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილებაში.

გარდა სამართლებრივი რეგულირებისა, შშმ პირებისთვის ტექნიკური კუთხითაც არის გათვალისწინებული სანოტარო სერვისების მიღება. კერძოდ: სანოტარო სერვისებით მომსახურების ნაწილში მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, სანოტარო  მომსახურება მიიღოს სანოტარო ბიუროს ფარგლებს გარეთაც, კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე; შშმ პირს აქვს შესაძლებლობა წინასწარ დაჯავშნოს ვიზიტი ნოტარიუსთან ელექტრონული ფორმით. ამის შესაძლებლობას იძლევა ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზე განთავსებული აპლიკაცია; ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზე განთავსებულია იმ სანოტარო ბიუროთა სია, სადაც ეტლით მოსარგებლე პირს შეუძლია დაუბრკოლებლად მიიღოს სანოტარო მომსახურება. საიტზე მითითებულია ინფორმაცია,  თუ რამდენადაა ეტლით მოსარგებლზე შშმ პირების ხელმისაწვდომი კონკრეტული სანოტარო ბიუროს ფიზიკური გარემო (აღჭურვილია თუ არა პანდუსით, დაუბრკოლებლად არის თუ არა შესვლა შესაძლებელი და სხვ.); სსიპ ,,საქართველოს ნოტარიუსთა პალატის“ ვებგვერდი - www.notary.ge მასზე განთავსებული ელექტრონული სერვისები და ელექტრონული მისამართები ადაპტირებულია წერა-კითხვის მცოდნე ყრუ-მუნჯი პირებისათვის. პალატა ასევე გეგმავს უსინათლოებისთვის ხმოვანი საიტის შექმნას.

 

ტექნიკური შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ გაერთიანებული ერების სპეციალური მომხსენებელის, კატალინა დევანდას-აგილარის და ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის ორგანიზებით მოეწყო. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნოტარიუსის როლი შშმ პირებისთვის უფლებაუნარიანობის სამართლებრივ განხორცილებაში. შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე ექსპერტები ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. განიხილეს და იმსჯელეს  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე 12 მუხლის შესახებ.