ნოტარიუსთა პალატა ცინცაძის ფონდის საახალწლო აქციას უერთდება

ნოტარიუსთა პალატამ „დიმიტრი ცინცაძის ფონდის“ ბენეფიციარებს ახალი წელი მიულოცა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა „დიმიტრი ცინცაძის ფონდის“ აქციაში ჩაერთო. გამგეობის წევრები დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელში გამართულ საახალწლო კონცერტს დაესწრნენ და ბავშვებს ახალი წელი მიულოცეს, კონცერტის დასრულების შემდეგ კი მათ საახალწლო საჩუქრები გადასცეს. ცინცაძის ფონდის ბენეფიციარებმა ტკბილეულთან ერთად, სპეციალურად მათი ინტერესებისა და სურვილების გათვალისწინებით შერჩეული სუვენირებიც მიიღეს, რომლებიც მათ პალატის თანამშრომლებმა ინდივიდუალურად შეურჩიეს.

საქველმოქმედო ღონისძიებებში ნოტარიუსთა პალატა სისტემატურად მონაწილეობს. გასულ კვირას გამგეობის წევრებმა ფონდ „მომავლის გზის“ დღის ცენტრის ბავშვები მოინახულეს და მათ ტკბილეული და კომპიუტერები მიუტანეს. ნოტარიუსთა პალატა „სოლიდარობის ფონდის“ მუდმივი შემწირველია. ონკოლოგიური პრობლემების მქონე ბავშვების დახმარების ფონდში უწყება თანხებს ყოველთვიურად რიცხავს.

ნოტარიუსთა პალატა, შესაძლებლობების ფარგლებში, კვლავ გააგრძელებს მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას. შობის დღესასწაულამდე უწყებას სხვა საქველმოქმედო აქციებიც აქვს დაგეგმილი.