საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ნიკა რურუას პასუხობს

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა შეშფოთებას გამოთქვამს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა რურუას მხრიდან ნოტარიუსთა კორპუსის შეურაცხმყოფელი განცხადების გამო.პარლამენტის წევრმა ნოტარიუსთა სისტემა მოიხსენია, როგორც „ნოტარიუსის კანტორა“, სადაც ხელისუფლების სურვილს უაპელაციოდ აკმაყოფილებენ. თითოეული სანოტარო აქტი, რომელსაც ნოტარიუსი ამტკიცებს, ემყარება ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობას და იმ პირთა თავისუფალ ნებას, რომლებიც აქტის გასაფორმებლად მიმართავენ ნოტარიუსს. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა და საქართველოს ნოტარიუსები მოუწოდებენ პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ შეურაცხმყოფელი განცხადებებით გამოსვლისაგან.

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს საზოგადოების თვალში ნოტარიუსის პროფესიის რეპუტაციის ამაღლება წარმოადგენს. იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, ამ მიმართულებით არაერთი რეფორმა გატარდა. 2012-2016 წლებში იუსტიციის სამინისტრომ განახორციელა ნოტარიუსთა საქმიანობის კანონიერების შემოწმების მასშტაბური პროცესი, რომლის დროსაც გადახედილ იქნა იმ ნოტარიუსთა საქმიანობის შედეგები, რომლებიც 10-15 წელი არავის შეუმოწმებია. შედეგების მიხედვით, მრავალმა ნოტარიუსმა აღმოფხვრა ხარვეზები საკუთარ საქმიანობაში. წარსულს ჩაბარდა ის მანკიერი დრო, როდესაც მოქალაქეებს აიძულებდნენ, ქონება საკუთარი ნების წინააღმდეგ გაესხვისებინათ და ამას შუაღამისას ნოტარიუსი აკანონებდა. გარდა ამისა, 2012 წლის ბოლოდან იუსტიციის სამინისტრომ აქტიურად გაატარა ზომები ნოტარიუსთა კორპუსისა და მათი საქმიანობის დეპოლიტიზაციისთვის. 2013 წელს ამოქმედდა ახალი სერვისი − დავის მოგვარების ალტერნატიული და თანამედროვე გზა − სანოტარო მედიაცია. აღსანიშნავია, რომ ეს სერვისი 2016 წელს მიწის რეგისტრაციის რეფორმის ერთ-ერთი წამყვანი კომპონენტი გახდა. 2013 წელს შეიქმნა სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად აღიარებულ პირთა მუდმივად განახლებადი ელექტრონული ბაზა; დაინერგა სერვისი „ონლაინკონსულტაცია ნოტარიუსთან“; 2014 წლიდან მოქალაქეს შეუძლია, ყველა საჭირო ტრანზაქცია სანოტარო ბიუროშივე განახორციელოს და თავისი უძრავი ქონება დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში; დაინერგა სერვისი „უფასო სატელეფონო სამართლებრივი კონსულტაცია ნოტარიუსისგან“; შემუშავდა მოქალაქეთა მომსახურების სტანდარტები; შეიქმნა ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა ელექტრონული რეესტრი; განხორციელდა ნოტარიუსთა პალატის რებრენდინგი; დაიწყო სარეკლამო კამპანია „მე ვენდობი ნოტარიუსს“; პალატის თავმჯდომარეობის კანდიდატურის გამოკვეთის მიზნით ჩატარდა პირველი ელექტრონული არჩევნები; 2015 წელს დაიწყო სანოტარო მომსახურება საზოგადოებრივ ცენტრებში სოფლად; ყოველი ახალდანიშნული ნოტარიუსი ვალდებული გახდა, პირველი 3 წელი იმსახუროს მთიან ან ისეთ რეგიონში, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის; 2013-2016 წლებში რეფორმების შედეგად სანოტარო მომსახურება გაჩნდა იქ, სადაც არასოდეს ან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ არსებობდა.

 


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

ნოტარიუსთა საკონსულტაციო
ცენტრი
2 000 778

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

იანვარი
560
 
სოლიდარობის ფონდში