იუსტიციის მინისტრმა საქართველოს ნოტარიუსთა საერთო კრებას ნოტარიატში რეფორმების გასაგრძელებლად ახალი ძალების მობილიზებისკენ მოუწოდა

იუსტიციის მინისტრი ნოტარიუსთა ყოველწლიურ საერთო კრებას დაესწრო, რომელშიც 300-მდე ნოტარიუსი მონაწილეობდა. თეა წულუკიანმა დამსწრეთ სიტყვით მიმართა, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და ნოტარიატის სფეროში 2017 წელს განსახორციელებელი რეფორმების შესახებ ესაუბრა.
ამასთან, მინისტრმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა იმ რეფორმასა და სიახლეებზე, რაც ქართულ ნოტარიატში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გატარდა. კერძოდ, 2012 წლის ბოლოდან იუსტიციის სამინისტრომ აქტიურად გაატარა ზომები ნოტარიუსთა კორპუსისა და მათი საქმიანობის დეპოლიტიზაციისთვის.
2013 წელს ამოქმედდა ახალი სერვისი, დავის მოგვარების ალტერნატიული და თანამედროვე გზა − სანოტარო მედიაცია. აღსანიშნავია, რომ ეს სერვისი 2016 წელს მიწის რეგისტრაციის რეფორმის ერთ-ერთი წამყვანი კომპონენტი გახდა. რეფორმიდან 4 თვის თავზე 70 დავა სანოტარო მედიაციის გზით წარმატებით დასრულდა.
2013 წელს შეიქმნა სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად აღიარებულ პირთა მუდმივად განახლებადი ელექტრონული ბაზა; დაინერგა სერვისი „ონლაინკონსულტაცია ნოტარიუსთან“.
2014 წლიდან მოქალაქეს შეუძლია, ყველა საჭირო ტრანზაქცია სანოტარო ბიუროშივე განახორციელოს და თავისი უძრავი ქონება დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში; დაინერგა სერვისი „უფასო სატელეფონო სამართლებრივი კონსულტაცია ნოტარიუსისგან“; შემუშავდა მოქალაქეთა მომსახურების სტანდარტები; შეიქმნა ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა ელექტრონული რეესტრი; განხორციელდა ნოტარიუსთა პალატის რებრენდინგი, დაიწყო სარეკლამო კამპანია: „მე ვენდობი ნოტარიუსს“. ჩატარდა პირველი ელექტრონული არჩევნები პალატის თავმჯდომარეობის კანდიდატურის გამოკვეთის მიზნით.
2015 წელს დაიწყო სანოტარო მომსახურება საზოგადოებრივ ცენტრებში სოფლად; ყოველი ახალდანიშნული ნოტარიუსი ვალდებული გახდა, პირველი 3 წელი იმსახუროს მთიან ან ისეთ რეგიონში, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის.
2013-2016 წლებში რეფორმების შედეგად სანოტარო მომსახურება გაჩნდა იქ, სადაც არასოდეს ან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ არსებობდა: თერჯოლა, ოზურგეთი, წყალტუბო, თიანეთი, ლანჩხუთი, ლენტეხი, ცაგერი, ონი, მესტია, ქედა, ამბროლაური, დედოფლისწყარო, ბაკურიანი, ქარელი.
2012-2016 წლებში იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელდა ნოტარიუსთა საქმიანობის კანონიერების შემოწმების მასშტაბური პროცესი, რომლის დროსაც გადახედილ იქნა იმ ნოტარიუსთა საქმიანობის შედეგები, რომლებიც 10-15 წელი არავის შეუმოწმებია. შემოწმების შედეგების მიხედვით, მრავალმა ნოტარიუსმა აღმოფხვრა ხარვეზები საკუთარ საქმიანობაში.
2016 წელს ნოტარიუსთა პალატას 20 წელი შეუსრულდა. საიუბილეო ღონისძიება თბილისში გახსნა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის (UINL) თავმჯდომარე დანიელ-სედარ სენგორმა. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს თბილისში ნოტარიუსთა საერთაშორისო კონფერენციის მაღალ დონეზე ორგანიზების შემდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის გენერალური საბჭოს სხდომის თბილისში ჩატარების შესახებ. ღონისძიება მიმდინარე წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი.
სანოტარო მომსახურების გაუმჯობესებისთვის, სანოტარო ბიუროებში მოქალაქეთა მომსახურების მონიტორინგისთვის „მისტიური მომხმარებლის“ პროგრამა დაიწყო.
დაიხვეწა და გამკაცრდა სანოტარო საქმიანობისას დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი.
2017 წლის პრიორიტეტია სანოტარო საქმიანობის შესახებ კანონის დახვეწა მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო ხარისხიანი მომსახურების შეთავაზების მიზნით; პალატის თავმჯდომარის ახალი არჩევნები; პალატის ახალი ოფისი; ბლოკჩეინის დანერგვა; მისტიური მომხმარებლების მოსაზრებების ანალიზის შედეგად სანოტარო ბიუროსა და მიღებულ მომსახურებაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

მარტი
560
 
სოლიდარობის ფონდში